ესაუბრე მას!

კომუნიკაცია 1ადამიანი სოციალური არსებაა, შესაბამისად მას აქვს სხვათან ურთიერთობის ძლიერი მოთხოვნილება. კომუნიკაციის საშუალებით ჩვენ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვცდილობთ. გარემოსგან იზოლირება ერთერთი ყველაზე დიდი სასჯელია ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე მარტო ხართ, არავინ გყავთ ხმის გამცემი, აუცილებლად მიხვდებით, როგორ ეკარგება თქვენს არსებობას აზრი.

როცა მარტო არ ვართ, გარშემო უამრავი ადამიანია და არჩევანის საშუალებაც არსებობს, ბუნებრივია, კომუნიკაციისა და ურთიერთობისთვის ვირჩევთ ჩვენთვის „მისაღებ ობიექტებს“.  არჩევანი ინდივიდუალურია –  ყველა სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს, ისე რომ, სულაც არ ფიქრობს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე.  იმის ანალიზი, თუ რატომ ვაკეთებთ არჩევანს კონკრეტულ ადამიანზე, ფსიქოლოგიის სფეროა.

ურთიერთობების და მეგობრული კავშირების შენებას დიდი ენერგია სჭირდება, ნგრევა კი ყველაზე მწვავედ გადასატანია. გამიგონია, სანამ ადამიანებს შორის უხილავი ძაფები არსებობს, გული გულს არ შორდება. შესაძლოა მათ დრო და მანძილი აშორებდეთ, მაგრამ თუ ერთმანეთის შესახებ ამბები მისდით, იციან ურთიერთის ასავალ-დასავალი, კომუნიკაცია არ წყდება. კარგი მეგობრები, რომლებსაც წლობით არ უნახავთ ერთმანეთი, შეხვედრისას უკანასკნელი წინადადებიდან აგრძელებენ საუბარს, ისე, თითქოს მათ შორის დრო არ ყოფილა.

კომუნიკაცია 3ხალხური მედიცინის წიგნში წერია, რომ სხვა მოთხოვნილებებზე  ყველაზე უფრო ძლიერი მოთხოვნილება სწორედ  ადამიანებთან კომუნიკაციაა. ალმადოვარი თავის ერთერთ ცნობილ ფილმში „ესაუბრე მას“ უფრო შორს მიდის და გვაჩვენებს, რომ კომუნიკაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამაზეა დამოკიდებული გადარჩება თუ არა ადამიანი. ვისაც ფილმი ნანახი არ გაქვთ, ეს პოსტი თქვენთვის სპოილერი იქნება  და თუ ამის თავიდან აცილება გინდათ, კითხვას ნუ გააგრძელებთ.

პირველივე კადრში გვაჩვენებენ კომუნიკაციის არავერბალურ ფორმას.  ფილმი სპექტაკლით იწყება, მსახიობები პინას ცეკვავენ. პინა ცეკვითი კომუნიკაციაა. ფილმის ორი მთავარი პერსონაჟი დარბაზში ზის და ამ ცეკვას უყურებს. ერთერთი ემოციებს ვერ იკავებს და ტირის. მეორეს უკვირს მისი რეაქცია და ქაღალდის ცხვირსახოცს სთავაზობს.   მთავარი გმირების პირველი შეხვედრა ამით სრულდება. შემდეგ, ორივეს ამბავი ცალ-ცალკე ვითარდება. პირველ გმირს სიფრიფანა, თეთრი ბალერინა მოსწონს, ისე რომ არც კი იცნობს. მხოლოდ სამსახურის ფანჯრიდან ხედავს, როგორ ვარჯიშობს ყოველ დღე და ჩუმად აკვირდება. დასდევს და უთვალთვალებს ყველგან. მეორე კი, ფიზიკურად ძლიერ ქალზე – ხარებთან მებრძოლ ტორეადორზეა შეყვარებული. ამ კაცების სიყვარულის ობიექტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

მათი გზები კი, კვლავ გადაიკვეთება, ამჯერად საავადმყოფოში. ორივეს საყვარელი ქალი კომაშია. ბალერინას მანქანა დაეჯახა, ტორეადორი კი ხართან ბრძოლის დროს დაშავდა.

მოხდება სასწაული – გადარჩება სიფრიფანა ბალერინა, ძლიერი ტორეადორი კი – ვერა. რეჟისორი გვაჩვენებს, რომ სუსტი ბალერინა კომუნიკაციამ გადაარჩინა. მასზე შეყვარებულმა კაცმა, მის მომვლელ ექთნად დაიწყო მუშაობა. მთელი დღის განმავლობაში, გარდა იმისა რომ ავადმყოფს უვლიდა, უყვებოდა ამბებს. დადიოდა მისი დასის სპექტაკლებზე, მოჰქონდა პოსტერები, უკრავდა კედელზე. უამბობდა თითოეული სპექტაკლის შესახებ, აგებინებდა ყველა წვრილმანს, რასაც შეიძლებოდა მისი ინტერესი გამოეწვია.

ტორეადორის შეყვარებულმა კი, ეს ვერ შეძლო. თავის გულისსწორს გვერდიდან არც ის მოშორებია, მხოლოდ კომუნიკაციის გარეშე, თავისთვის იცრემლებოდა.

ალმადოვარს უყვარს უკიდურესობები. ის, რომ კომუნიკაციის ერთერთ ფორმად სექსს განიხილავს არ არის საოცარი. თუმცა, ნებისმიერი ნორმალური ადამიანსთვის, სექსი სხვისი ნების გარეშე ძალადობაა. საოცარი სწორედ ესაა, რომ რეჟისორი თავისი ჩვეული ჯადოქრობით, იმ გმირის მიმართ, რომელიც ამას აკეთებს, მაყურებელში ბრაზის ნაცვლად თანაგრძნობას აღძრავს.

ალმადოვარი თვლის, რომ კომაში მყოფ ბალერინასთან სექსი, კომუნიკაციის ფორმაა, რომლითაც ის გადარჩება.

ჩვენ შეგვიძლია ვერჩოდეთ ალმადოვარს, მაგრამ გავიმეორებ: კარაბადინშიც იგივე წერია, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოთხოვნილება სხვა ადამიანთან ურთიერთობის მოთხოვნილებაა.

ასე რომ, თუ გინდათ ადამიანი გადარჩეს, ესაუბრეთ მას! 🙂 😉

 

დატოვე კომენტარი