შეცდომა რომელიც ტექსტს ცვლის
20/07/2010 3 Comments
გადავწყვიტე, რუბრიკა გავაკეთო მედიაზე. ამ რუბრიკაში მიმოვიხილავ ხოლმე იმ გადაცემებს და სტატიებს, რომელიც ჩემი აზრით რაიმე კუთხით არღვევს მკითხველის უფლებებს. შევეცდები განვიხილო ის თემები, რომელიც ხშირად არასწორად შუქდება ხოლმე. რუბრიკაში მოცემული ყველა კრიტიკა, განხილვა თუ შეფასება იქნება სუბიექტური, იმდენად რამდენადაც ეს ჩემი აზრია. ნებისმიერს შეუძლია არ დამეთანხმოს.
პირველი კრიტიკის ობიექტი ჟურნალ ”ლიბერალში” (N 39) გამოქვეყნებული ანა დოლიძის თვალსაზრისია. წინასწარ აღვნიშნავ, რომ ”ლიბერალი” ეს ის ერთ-ერთი ჟურნალია, რომელიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებს კრიტიკას. რადგანაც ეს სტატია არ ეკუთვნის ჟურნალისტს, არამედ ეს არის თვალსაზრისი იურისტისა, ჟურნალს მგონი საერთოდაც არ ეკისრება პასუხისმგებლობა.
ანა დოლიძის წერილი ”ისევ ვარსქენ პიტიახშის საქართველო” (შესაბამისი ბმული ვერ ვიპოვე, ”ლიბერალის” საიტზე მგონი არ დევს) ეხმაურება ჰილარი კლინტონის ვიზიტს საქართველოში. ავტორი გამოთქვამს უკმაყოფილებას, იმ ლიდერი ქალების მიმართ, ვინც ჰილარი კლინტონს შეხვდა. დოლიძე ამბობს, რომ მონაწილეთა შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ქალებისათვის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემას წამოჭრიდა და იტყოდა, რომ საქართველოში ქალებს უთანასწოროდ ექცევიან. უთანასწორობის დასამტკიცებლად ანა დოლიძეს პირველივე აბზაცში მოჰყავს ციტატა ”შუშანიკის წამებიდან”, რომლის წარმომთქმელად შეცდომით ვარსქენ პიტიახშს ასხელებს. ციტატა -”ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?”, – არ ეკუთვნის ვარსქენს. ამ ციტატას პურობისას თავად შუშანიკი ამბობს. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ შუშანიკი რძალს შეალეწავს ღვინოს და ეს ხდება ვარსქენისგან შუშანიკის გვემის მიზეზი.
შეცდომა, რომელიც ტექსტის დასაწყისშია დაშვებული მთელ წერილს გასდევს. სტატიის ბოლომდე მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ქალები არასათანადოდ არიან ჩართულნი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში და ეს ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ვარსქენის მსგავსი კაცები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. სტატიის ბოლოს კი ავტორი დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ 21-ე საუკუნის საქართველოში ვარსქენის სიტყვები აღარავის გაახსენდება.
IX კლასში ნასწავლი ”შუშანიკის წამება” შესაძლოა კარგად არ გახსოვდეს (ტრაგედია არ არის), მაგრამ თუ მთელი სტატიის განმავლობაში რაღაცის მტკიცებას მისი ტექსტიდან ამოღებული ციტატით აპირებ, თვალი მაინც უნდა გადაავლო ნაწარმოებს.
ის, რომ მოყვანილი სიტყვების ავტორი არა ვარსქენი, არამედ შუშანიკია მთელ სტატიას ცვლის. გამოდის, რომ შუშანიკი თავად აცხადებს უკმაყოფილებას მამაკაცებთან ერთად პურობაზე. სტატიის ავტორს მსჯელობა ამ მიმართულებით რომ გაეგრძელებინა, უთუოდ იტყოდა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების ნაკლებადჩართულობა თავად ქალების მიზეზით არის გამოწვეული და რომ 21-ე საუკუნის საქართველოში შუშანიკის ეს სიტყვები აღარავის უნდა გაახსენდეს.



კარგია!!! იდეაც და პოსტიც!!!
ჰოო, ეს მართლაც ის შემთხვევაა, როცა პატარა ლაფსუსი ყველაფერს ცვლის…
მადლობა იდეის მოწონებისთვის
ვააა… მომწონს, მომწონს! გააგრძელე!
მეც მიყვარს შეცდომების აღმოჩენა და მერე გასწორება ხოლმე, რამდენადაც ჩემს ძალებს შეესაბამება.