გაფრენილები

ფერდინანდი და ანნე უკვე მეგობრები იყვნენ. მათი მეგობრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფერდინანდმა ანნეს, ქუჩის ცუგო სიკვდილს გადაარჩინა. თავისზე ბევრად უფროს ეზოს ბიჭებს ეჩხუბა და საწყალი ძაღლი, რომელსაც წამებას უპირებდნენ ხელიდან გამოგლიჯა.

მანამდე ანნე ფერდინანდს ვერ იტანდა. ფერდინანდი მას სულ წითურ კიკინებს წიწკინიდა და სხვების გასაგონად ”ჭორფლიანოს” ეძახდა.

ახლა, ფერდინანდს, ყოველ დილას იმის ფიქრით ეღვიძება, რომ რაც შეიძლება მალე დააღწიოს სახლს თავი და ეზოში გავარდეს. იცის ანნე ჯერ არ დახვდება, მაგრამ სახლში ყოფნას მაინც ეზოში ლოდინი ურჩევნია. ანნე გამოჩნდება და იწყებენ ათასგვარ თამაშს.

პატარა შტაბი აქვთ. ერთად ააშენეს. შტაბში ათასგვარი ხარახურა უწყვიათ. ზოგი სახლიდან წამოღებული, ზოგიც ეზოში ნაპოვნი. ღამღამობით, ეს შტაბი, თავიანთი ცუგოს თავშესაფარია. ზაფხულია და ყველა ქალაქიდან არის გასული. ეზოში მხოლოდ ანნე და ფერდინანდი დარჩნენ. თუმცა არ ნაღვლობენ. უხარიათ რომ მარტო არიან. ასე უფრო კარგად ერთობიან.

ეზოს ბაღში, ხის ცისფრად შეღებილ მაგიდასთან პირისპირ სხედან და ფიქრობენ -ახლა რაღა ითამაშონ. – ფერდინანდ, რა გინდა რომ გამოხვიდე? – ეკითხება ანნე. – მფრინავი – დაუფიქრებლად პასუხობს ბიჭი. – კი მაგრამ, ეგ როგორ? – მინდა, ძალიან, ძალიან მაღლა გავფრინდე და ვნახო რა ხდება ცაში. – მართლა? რა კარგია. მე მეცნიერი მინდა გავხდე. რომ გაფრინდები მეც ხომ წამიყვან? – თუ გენდომება წაგიყვან – პასუხობს ფერდინანდი. – ხო მაგრამ, გაფრენას როგორ აპირებ? – გუშინ, მამას ძველ საბუთებში ერთი გაზეთი ვნახე, ზედ დიდი ბუშტი ეხატა. მამას რომ ვკითხე რა იყო, ამიხსნა, ამ ბურთით ჰაერში ასვლაა შესაძლებელი, თუმცა იმ მიმართულებით ვერ ივლი, რომელიც შენ გინდა. ქარი საითაც წაგიღებს იმ მხარეს წახვალო. – მოდი, ფერდინანდ, ჩვენ თვითონ გამოვიგონოთ ახალი მფრინავი აპარატი! ისეთი, რომელიც ყველაზე მაღლა ავა ცაში.

იმ დღის შემდეგ, ბავშვების ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენდა, იმაზე ფიქრი, როგორ გაფრენილიყვნენ. ანნემ გადაწყვიტა, მტრედებივით ფრენას თუ ისწავლიდნენ, ყოველგვარი აპარატის გარეშე შეძლებდნენ გაფრენას. ამიტომ, ორივე სკამზე შეხტებოდა, იქიდან მაგიდაზე და გაშლილი ხელებით ძირს ეშვებოდნენ, თან ჰაერში მტევნებს ფრთებივით იქნევდნენ. რომ არაფერი გამოუვიდათ ფერდინანდს გასულ ზაფხულს წაკითხული კარლსონი გაახსენდა (კარლსონი ვერ გაახსენდებოდა, იმიტომ რომ ჯერ დაწერილიც არ იყო, მაგრამ თქვენ რა გენაღვლებათ :) ). – ის ხომ პროპელერით დაფრინავს?! – შესძახა მან. – კი მაგრამ, იმას პროპელერი ზურგზე აქვს მიმაგრებული და ჩვენ რომც ვიშოვოთ, ზურგზე ვერ მივიმაგრებთ – იმედი გადაუწურა ანნემ.

მეორე დღეს, ფერდინანდმა სახლიდან ძველი საჰაერო ჩამოიტანა. ანნე დაღონდა, ეგ ერთია და მარტო შენ გეყოფა, მე რაღა მეშველებაო? ფერდინანდმა დაამშვიდა, ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებულიო. საიდანღაც 2 სკამი მოიტანეს. მავთულებით ერთმანეთს მიაბეს და შუაში საჰაეროც დაამაგრეს. მერე სკამებზე დასხდნენ. უკვე გასაფრენად მზად იყვნენ. – ახლა რა უნდა ვქნათ? – იკითხა ანნემ. – რა და, მე მივტრილდები და საჰაეროს ხელს დავკრავ, შენ კარგად დაჯექი რომ არ გადმოვარდე. ანნემ თავი შეიმაგრა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ფერდინანდი რომ დაიღალა ”პროპელერის” ტრიალით, მერე ანნემ სცადა, თუმცა უშედეგოდ. რაღაც აკლია ჩვენს აპარატსო – საბოლოოდ დაასკვნეს და ამაზე ფიქრი სამომავლოდ გადადეს.

მეორე დღეს ანნეს მამა გარდაეცვალა. მიცვალებული, რომ დაკრძალეს ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ანნემ ფერდინანდთან დამშვიდობება ვერ მოასწრო. თვითონ, ცრემლმომდგარი ფერდინანდი ანნეს გადასახლებას ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, თუმცა მისვლა რცხვენოდა. არ იცოდა რა ეთქვა. ფიქრობდა, მამა მოუკვდა და მე არც კი ვეხსომებიო.

ანნე და ფერდინანდი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. სკოლა ორივემ დაამთავრა. ანნე გათხოვდა. ფერდინანდმა სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა.

ერთ დღესაც, როცა ანნე ქმრისთვის სოკოს შიგთავსიან ბატს ამზადებდა, სამზარეულოს ფანჯარაზე ვიღაცამ მოაკაკუნა. ანნემ ფანჯარა გამოაღო, მაგრამ ვერავინ შეამჩნია. მხოლოდ რაღაც შიშინის ხმა ესმოდა ზემოდან. მაღლა აიხედა და ფერდინანდი დაინახა. ის ხომალდის მსგავს მოწყობილობაში იჯდა, რომელსაც უკან კარლსონივით პროპელერი ეკეთა და გვერდიდან დიდი, შავი ასოებით ფერდინანდის გვარი ”GRAF ZEPPELIN” ეწერა. – გარეთ გამოდი და კიბეს ჩამოგიშვებ. თუ არ გადაიფიქრე გაფრენა გავფრინდეთო – ჩამოსძახა ფერდინანდმა. ანნე სასწრაფოდ გავარდა წინკარში და ფერდინანდის ჩამოშვებულ კიბეს აუყვა. ამ დროს, სახლში მისი ქმარიც დაბრუნდა. კი მაგრამ, სად მიდიხართ, თუ კარგ საქმეზე მიდიხართ მეც წამიყვანეთო – იხვეწებოდა რუდოლფი. არა, საყვარელო, შენთვის არ შეიძლება. სამზარეულოში, მაგიდაზე შენი საყვარელი რეცეპტით მომზადებული ბატი დევს, დამელოდე მალე მოვალო – ჩამოსძახა ანნემ და ხომალდის მსგავს მოწყობილობაში გაუჩინარდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.