საით მიდის გზა?
13/07/2010 Leave a Comment
საით მიდის გზა?! ამბობენ ჩვენზეა დამოკიდებულიო. ვინც რომელ გზას აირჩევს იმაზე ივლისო.
მართალია, ყველას თავისი გზა აქვს და ყველა თავისი გზით მიდის. ამ გზებსაც ჩვენ თვითონ ვიქმნით… და თუ ჩვენ ვირჩევთ ან სულაც ვქმნით, პირდაპირ სიარულში რა გვიშლის ხელს?
”რატომ ბრუნდება ადამიანი ყოველთვის უკან? ან რის მიხედვით აგნებს იმას, რაც ”საკუთარის” სახელითაა ცნობილი (”საკუთარი სახლი”, ”საკუთარი მიწა”, ”საკუთარი ქვეყანა”)? რატომ სულ პირდაპირ არ მიდის? რა ძალა მოქმედებს ასეთი, რა ბიძგი, რა იმპულსი? ვინ მისცა ადამიანს ეს ბიძგი და ეს იმპულსი? და თუ ვინმემ მისცა რატომ ისეთი ბიძგი არ მისცა, რომ ადამიანს არასოდეს აზრად არ მოსვლოდა, უკან დაბრუნება თუ შეიძლება და სულ პირდაპირ ევლო, ერთხელ აღებული გეზით? რით ხელმძღვანელობს ის, ვინც იმპულსებს არიგებს? რას ეყრდნობა მისი არჩევანი? შემთხვევითობას? მიზანდასახულობას? ანდა რამდენად ძლიერია ადამიანში უკან დაბრუნებისკენ მიდრეკილება? არ შეგვიძლია გადავლახოთ ეს მიდრეკილება და მთელი სიცოცხლე ვიაროთ წინ, ერთი მიმართულებით?”.
ეს, პატარა ამონარიდია ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – ”ქარავანი”. ზევით დასმული კითხვები ამ წიგნის მთავარი პერსონაჟის – აბელის თავში, ადრეულ ბავშვობაში ტრიალებს. მერე გადაწყვეტს, რომ ექსპერიმენტი ჩაატაროს და კითხვებზე პასუხები ამ გზით მიიღოს. სოფლიდან გაიპარება და მთელი დღე, შეუსვენებლად პირდაპირ ივლის. საღამოხანს ტყეში აღმოჩნდება. შიმშილისგან დაუძლურებულს წასთვლემს. მალე ნადირების და ფრინველების ხმა გამოაფხიზლებს. უკვე ტირილის პირას არის მისული თავისი ოჯახისწევრების ხმას რომ გაიგონებს. ისინი შუაღამისას მის კვალს გამოსდგომიან. ამით გახარებულ აბელს, ექსპერიმენტი სულ ავიწყდება და ოჯახის წევრების ძახილს ეპასუხება.
რომანის დასაწყისში ავტორი ამბობს, რომ ადამიანები წარსულის ქმნილებები არიან, მასთან უხილავი ძაფით შეკავშირებული. და რომ ეს ძაფი არ წყდება (ჯემალ ქარჩხაძის ამ წიგნში, ბევრი კითხვაა და მცდელობა, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცეს. ვისაც არ წაუკითხავს ვურჩევდი, აუცილებლად წაიკითხოს. საინტერესო წიგნია).
ქარჩხაძის აზრით, სამყაროს არსებობა მარადიული უკან დაბრუნების პროცესია.
და მაინც, საით ან სადამდე მიდის გზა? აქვს საწყისი ან ბოლო?




ბოლო კომენტარები