ჩვენი დროის ”კარმენები”
17/04/2010 4 Comments
”შენ კი, გენაცვა, ხეირიანად წერა, ან კითხვა, ანდა ციფრები მაინც გესწავალა, თუმც, რა ჯანდაბად გინდოდა, თორემ კი, ისეც მშვენივრად მოგეხსენებოდა შენ-შენი უარყოფითი, მზაკვრული საქმე, და ძლიერ მიკვირს, ბნელით მოსილი, ისე ძალინ როგორ ჩახჩახებდი, დიადმა ხელმა ვრცელი მოთხრობა დაწერა შენზე, მაშინ როდესაც რამდენ უბიწო ქალთა სქესისი წარმომადგენელს შეცდომითი დეპეშაც კი არ ღირსებია, ის კი არა და, გადასარევი ოპერაც კი შეგვითხზეს შენზე, მაშინ, როდესაც რამდენ დადებით კარგ ოჯახიშვილს აბღავლებული გლახა სიმღერაც კი არ სმენია, რა ნახეს მაინც შენში ისეთი, მაგრამ მიყვარხარ. მტკივიხარ, კარმენ, იმაზედაც კი შევკრთები ხოლმე, ფეხშიშველა რომ თავისუფლად დაშტრიგინებდი, არ შეგსობოდა ბოროტი ხიწვი.
ის ბოლო დანა, ძაან გეტკინა?..”გურამ დოჩანაშვილი
”ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე…”ანა კალანდაძე
მათ ყველგან შეიძლება გადაეყაროთ. ისინი ჯგუფ-ჯგუფად მოძრაობენ. ზურგზე მოგდებული საქონლით დატვირთული ჩანთებით. ხმამაღალი სიცილით ან ჩხუბით გადაადგილდებიან. არ ერიდებიან გარშემომყოფებს. ცხოვრობენ ისე, როგორც თავად მოსწონთ, არად დაგიდევენ სხვის აზრს.
- Дай руку, погадаю!-ს ძახილით აგედევნებიან, უარის თქმის შემთხვევაში მოგაწყევლიან. შესაძლოა თმაც ჩამოგგლიჯონ, იმ იმედით, რომ ფულის გადახდის სანაცვლოდ მის დაბრუნებას შეეცდებით.
- შენი თვალების ჭირიმე ორი კაპიკი გექნებაო – კისრის გამოწევით შეგეხვეწებიან. თუ მიეცი, ღმერთი დაგლოცავს და გაგახარებსო დაგადევნებენ.
ალბათ, უკვე მიხვდით, რომ საუბარია ბოშებზე, რომლებიც ყველგან არიან და რომელთა დანახვაზეც ბევრს სიძულვილისა და ზიზღისაგან სახე ეღრიჯება და ცხვირი გვერდზე მისდის. ცოტამ თუ იცის, რომ ეს ადამიანები ევროპის მოქალაქეები არიან და ევრო საბჭოს კონვენციის თანახმად თანასწორობის უფლებით სარგებლობენ.
კონვენციაში ჩამოყალიბებული პრინციპები იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც მისი რატიფიცირება მოახდინეს ავალდებულებს პატივი სცეს კანონის წინაშე ბოშების თანასწორუფლებიანობას. ხელი შეუწყოს მათი კულტურის, რელიგიის, ენისა და ტრადიციების დაცვას. უზრუნველყოს მათთვის მედიის ხელმისაწვდომობა და მათი ენების გამოყენებით აფიშებსა და აბრებზე განთავსებული ინფორმაცია ბოშებისათვის გასაგები გახადოს.
ევროპაში დაახლოებით 10 მილიონი ბოშა ცხოვრობს. ისინი ევროპის საბჭოს თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში სახლობენ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბოშები მოსახლეობის 5%–ზე მეტს შეადგენენ.
მათ წინაშე ბევრი პრობლემა დგას – რთულია მათი განათლების და დასაქმების უზრუნველყოფა, ისინი დისკრიმინაციას განიცდიან ჯანდაცვის, საცხოვრებლის, ტოლერანტობის და ძალადობის კუთხით. ევროპის კულტურულ მემკვიდრეობაში ბოშების მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, მაინც ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფად რჩებიან.
ბოშათა ტომი ინდოეთის ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა. მე-5 და მე-10 საუკუნეებში მათი წინაპრები იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლებულიყვნენ. ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ახლო აღმოსავლეთში. ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადაინაცვლეს და მე-15 საუკუნეში უკვე მთელ ევროპას მოედნენ.
ჩვენში ბოშები მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოსახლდნენ. ამჟამად საქართველოში დაახლოებით, 1 000 ბოშა ცხოვრობს. ისინი ძირითადად თბილისში, ქობულეთში, ბათუმსა და დედოფლისწყაროში სახლობენ.
უსამშობლოები, არცერთ ქვეყანაში თავს უცხოდ არ გრძნობენ. მათი სამშობლო დედამიწაა. ჰაერი - თავისუფლება. თავდავიწყებით შეუძლიათ შეყვარება, თუმცა სიყვარულისთვის თავისუფლებას არ დათმობენ. ამის მაგალითია პროსპერ მერიმეს მოთხრობა “კარმენი”, რომელზეც ჟორჟ ბიზემ ოპერაც კი შექმნა. კარმენი ბოშა ქალია, რომელსაც გულისწორი მხოლოდ იმიტომ კლავს, რომ თავისუფლებასა და სიყვარულს შორის არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა. კარმენი მოკვდა თავისუფალი.
”შენ მატყლის მსხვილი ხელთათმანებით გიტარზე თუ დაგიკრავს, კარმენ? აჰ – ალბათ ვერა… შენ აგვისტოსი შვილი მგონიხარ, რაღაც ყავისფრად ჩახურებული და მესაწნეხლესავით ფეხშიშველი, მკერდმოღლეტილი – თან… ფლიდო, აშარო, ძვირფასო, კარმენ, რაღაცა გქონდა ისეთი რომ, ძლიერ უყვარდით. რაღაცა გქონდათ, აკი ვამბობ, ოღონდ – თვალებში… დაუდეგარო, მზაკვარო, ანცო, შენი გულისთვის ვინმე პოლკოვნიკს დაბანილ ყელს რომ გამოსჭრიდნენ, აბა მითხარი, იმავ საღამოს კოცონთან რაღა გეცეკვებოდა, ჰა? ის, ესე იგი დაწინაურ-აწინარეულ-ჩინმენდლებიანი პოლკოვნიკი მავან რიგითი ჯარისკაცივით უბრალოდ ეგდო, შენ კი, ორპირო, ცრუვ, გაიძვერა, ისე ცეკვავდი, ვითომც და აქ არაფერი. მერე, რა კარგად… რაღაცა გქონდა ემაგ თვალებში, რაღაც კი არა, მოთ, ყურში გეტყვით: თა… მიხვდით?.. თა-ვი… ვერა?… თავის… მაინც ვერ მიხვდით? თავისუფლება ედგა კარმენს დიდრონ თვალებში, ამხანაგებო! აი, ისეთი, ანდალუზელნო და საერთოდაც ყველანო, ძმებო, ცუდს და მიშვებულს რომ ეძახიან, ვთქვი მეც კი, რაღა, მიშვებული-თქო, თავისუფლება მიშვებული გახლავთყე ყველა, და აი ისეთიც, კარმენისებრი. მაინც კარგია… შეუზღუდველი იყავი, კარმენ. თავისუფლება თვალებში გედო, და არასოდეს წვეთწვეთობით არა გცვიოდა, შეუზღუდველი იყავ-მეთქი და განა შესძლებდი მატყლის მსხვილი ხელთათმანებით იმა ნატყვიარ გიტარაზე ნებაზედ დაკვრას? აჰ, არა, ვერა”, – ასე ამკობს დოჩანაშვილი ბოშა ქალის განზოგადებას, ველურ და აშარ კარმენს.
ბოლოს კი, საქართველოში მცხოვრებ თანამედროვე ”კარმენებზე”, ანა ჩერქეზიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს დაგიტოვებთ. ამ ფილმში კარგად ჩანს, გაჭირვების მიუხედავად, როგორ ინარჩუნებენ ბოშები თავისუფლების სიყვარულს და როგორ ეცემიან თავდავიწყებას უდარდელ ცეკვასა და სიმღერაში.





კარმენი არა, მაგრამ ესმერალდა მიყვარს : )
ეხ, ბოშების რომანტიკული სახე დღეს მარტო წიგნებში შემორჩა
რთულია არ დაგეთანხმო. დღეს ისინი ქურდებთან და მათხოვრებთან ასოცირდებიან. ამაში გარკვეული წილი საზოგადოებასაც მიუძღვის. თუმცა ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ისინი ნაკლებად ითქვიფებიან სოციუმში.
აუ რა ძალიან მაგარი იყო! მიყვარს ყველაფერს ,,ჯიგრიანად” რო კიდებ ხელს და კარგად აკეთებ…
მალადეეეც :*
მადლობა. მიხარია რომ შემოიარე და ორმაგად მიხარია ის, რომ ეს პოსტი მოგეწონა
:*